RSS Feed

ბავშვთა მიმართ ძალადობა

ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები და კრიტიკული გამოხტომები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს უცილობლად აისახება ვისიმე ემოციონალურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება-განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მსგავს გამოვლინებებს.

ვინ შეიძლება იყოს მოძალადე
ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ “გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. მათ შორის, ვინც სისტემატიურად სცემს შვილებს, ჩვეულებრივ, მაღალია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა პროცენტი.

ვინ შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც სასტიკი მოპყრობის “რისკ-ჯგუფს” შეადგენენ. მრავალრიცხოვან გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატიურად განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან “არასასურველი ბავშვები”. ჰიპერაქტიური, აგრეთვე გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ. გოგონები, რომლებიც უდედო ოჯახებში ცხოვრობენ ან დედა ქრონიკულად ავადმყოფი ან ინვალიდია, ოჯახში მყოფი მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. იგივე ეხება ოჯახს, სადაც გოგონა მამინაცვალთან ან დედის “მეგობართან” ერთად ცხოვრობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ ბავშვთა მიმართ არაღირსეული ქცევის ორ ძირითად ფორმას _ ძალადობასა და უგულვებელყოფას. ძალადობის სახეებია:

1. ფიზიკური ძალადობა _ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება;
2. მენტალური ძალადობა _ არაფიზიკური, სიტყვიერი და ქცევითი შეურაცხყოფა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
3. სექსუალური ძალადობა _ გაუპატიურება, სისხლის აღრევა (ინცესტი, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, ეროტიული ალერსი და სხვა.)

უგულებელყოფა _ მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის მიმართ მოვალეობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბავშვი არ არის უზურუნველყოფილი ნორმალური კვებით, საცხოვრებლით, სწავლის პირობებით ან სამედიცინო დახმარებით.

ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს დარტყმას, ხელის კვრას, სხეულის დაზიანებას ან ტრავმის მიყენების მცდელობას. ნებისმიერი სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც აღმზრდელობითი მიზნით, წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას, მით უმეტეს, თუ მიღებული ტრამვა მყარ კვალს ტოვებს ან მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა, ფიზიკურ ძალადობად ითვლება თავდასხმა ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით და ჯანმრთელობითვის, სიცოცხლისთვის სახიფათო ნებისმიერი სხვა საგნის (მძიმე, გახურებული, მჩხვლეტავი, მჭრელი და სხვა) გამოყენებით.

ბავშვთა ქცევის ნიშნები, რომელთაც შეუძლიათ მიუთითონ
მათზე განხორციელებულ ფიზიკურ ზემოქმედებაზე

  • ტრამვის წარმოშობის ახსნაზე უარის თქმა;
  • სახლში დაბრუნების შიში;
  • აგრესიულობა სხვებთან მიმართებაში;
  • ძლიერი შიში ან მოუსვენრობა უფროსების ან გარკვეულ პიროვნების მიმართ;
  • პირადი ჰიგიენის დაბალი დონე;
  • დაღლილობის მუდმივი შეგრძნება;
  • გაქცევები სახლიდან, მოუსვენარი ძილი და ა.შ.
  • სისტემატიური გაცდენები სკოლაში;
  • თვითშეფასების დაბალი დონე.


მენტალური ძალადობა

მენტალური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომელთა მიზანია აკონტროლოს, მართოს ბავშვის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით. აქ იგულისხმება დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა, მუქარა, ბავშვის შეკითხვის უპასუხოდ დატოვება, სამომავლო ქცევის უარყოფითი პროგნოზი, ისეთი საქციელის დაბრალება, რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვა.
ბავშვზე მენტალური ძალადობის ერთერთ ფორმას წარმოადგენს მოზრდილთა ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით

ბავშვთა მიმართ მენტალური ძალადობის ნიშნები:
1. ნევროზული ქცევები;
2. ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
3. იძულებით საკვების მიღება;
4. თვითდაზიანება;
5. უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
6. ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
7. თვითშეფასების დაბალი დონე;
8. გარემოსგან იზოლაცია;
9. ინტერესების დაქვეითება;
10. ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია.

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა _ გულისხმობს ეროტიული ელფერის ალერსს, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, პორნოგრაფიული სურათების და ფილმების ჩვენებას, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, გაუპატიურებას, სისხლის აღრევას (ინცესტი) და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა რიგი თავისებურებებით ხასიათდება. მოძალადე, რომელიც შეიძლება იყოს ნათესავი, ოჯახის მეგობარი ან გარეშე ადამიანი, როგორც წესი, ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისაკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, განსაკუთრებით ალერსიანი და ყურადღებიანია ქცევით. შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს და ამ მიზნით აშინებს მას. მკაცრი სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან დადუმდნენ. არის სხვა მიზეზებიც, რაც სიმართლის დამალვას აიძულებთ მათ; მაგალითად, სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შედეგად ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. ზოგჯერ ბავშვები თვითონაც იღებენ სიამოვნებას სექსით, Mმათ აგრეთვე შეიძლება მოსწონდეთ, რომ უფროსების ყურადღება და ინტერესი მათზეა გამახვილებული. ბავშვთა ნაწილისთვის კი სექსი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე აღიქმებოდეს, როგორც საზიზღრობა, მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამ.

სექსუალური ძალადობის ფიზიკური ნიშნები

1. საშოს და ანალური ხვრელის ტრამვები;
2. ჰიპერსექსუალურობა ბავშვის ქმედებაში;
3. პერიოდული ტკივილები მუცლის არეში;
4. გაძლიერებული მასტურბაცია;
5. უძილობა, ღამის კოშმარები, სიბნელის შიში;
6. სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, კბენის ნაკვალევი დუნდულოებზე და გენიტალიის მიდამოებში;
7. ქავილი, ტკივილი, გამონადენი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, საშოდან ან ასოდან;
8. ტკივილები შარდის გამოყოფის დროს ან შარდ-სასქესო სისტემის პერიოდული ინფექციები;
9. ქვედა საცვალის დასვრა;
10. სასქესო ორგანოების არეში უჩვეულო სუნი;
11. მოუსვენრობა ან დეპრესია;
12. კვების დარღვევა – სრული უმადობა ნერვულ ნიადაგზე ან გაძლიერებული მადა;
13. მოუხერხებელი, გაძნელებული სიარული და ჯდომის გაძნელება;
14. ორსულობა;
15. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
16. ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან, მაგრამ აგრძელებენ შარდვას ლოგინში, დადიან მოუწესრიგებლები და დასვრილები;
17. თვითმკვლელობის და თვითგანდიდების მცდელობა.

ქცევის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ
შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე

  • უფროსების მიმართ უნდობლობა, ფამილარული დამოკიდებულება მათ მიმართ;
  • შიში გარკვეული პიროვნების მიმართ;
  • სოციალური იზოლაცია და ჩაკეტილობა;
  • ძილის დარღვევა ( ღამის კოშმარები, უსაფუძვლო შიში, ენურეზი და მარტო დარჩენის შიში ძილის დროს)
  • სახლიდან გაქცევები;
  • არ სურს ან უარს აცხადებს გამოიცვალოს ტანსაცმელი, შრომითი საქმიანობის დროს;
  • თვითშეფასების დაბალი დონე;
  • ნარკოტიკების და ტოქსიური ნივთიერებების მიღება, ალკოჰოლიზმი;
  • ასაკისადმი შეუფერებელი სექსუალური ცოდნის გამოვლინება;
  • განსაკუთრებული ინტერესი უფროსების, ბავშვების ან ცხოველების სასქესო ორგანოებისადმი;
  • სააბაზანოს, შხაპის, დაკეტილი კარების შიში;
  • სამედიცინო შემოწმების შიში;
  • სექსისადმი გაძლიერებული ლტოლვა;
  • იძულებითი მასტურბაცია;
  • სექსუალურ ურთიერთობებში გაურკვევლობა.


ბავშვთა უგულვებელყოფა

ბავშვთა უგულვებელყოფას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი მშობლისა თუ მეურვის მხრიდან ქრონიკულად განიცდის საკვების, ტანსაცმლის, მოვლის, ყურადღების, სამედიცინო მეთვალყურეობის უკმარისობას, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
სერიოზულ უგულებელყოფას წარმოადგენს ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია ან კანონით აკრძალული საქმიანობების იძულება, სექსუალური ექსპლუატაციის ჩათლით.

ბავშვთა უგულვებელყოფის ნიშნები:
1. ჰიგიენური ნორმების დაუცველობა;
2. ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
3. ასაკისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
4. ქრონიკული დაავადებები;
5. ხარბი ჭამა;
6. ნევროზული ქცევები;
7. თამაშების არცოდნა;
8. თვითდაზიანება;
9. უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
10. ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
11. თვითშეფასების დაბალი დონე.

ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორები
სისასტიკე და ძალადობა ადამიანთა საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობდა. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვების მიმართ არაადამიანური მოპყრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა გაეგდო საკუთარი შვილი სახლიდან, გაეყიდა მონად, შეეწირა მსხვერპლად და მოეკლა კიდეც. მიტოვებულ ბავშვებს მონებად იყენებდნენ, აიძულებდნენ პროსტიტუციასა და მათხოვრობას. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში იყენებდნენ ღარიბი ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.

რატომ არის, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა დღესაც გრძელდება? ამას უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი განაპირობებს:

  • ძალადობა, ისევე როგორც დიდი ხნის წინ, დღესაც ხელსაყრელია მოძალადისათვის. ამიტომ საზოგადოება სხვადასხვა გარემოებებში იყენებს ძალადობის გარკვეულ ფორმებს. ადამიანთა უმრავლესობა ომს “აუცილებელ ბოროტებად” მიიჩნევს, ბოროტმოქმედნი ძალადობას იყენებენ სხვისი საკუთრების მისათვისებლად ან კრიმინალურ სამყაროში ძალაუფლების მოსაპოვებლად; ოჯახებსა და სკოლებში მიუღებლად არ ითვლება შოლტის მეშვეობით ბავშვის დამორჩილება; ბავშვები ძალას იყენებენ, რათა წაართვან ერთმანეთს სათამაშო, უპასუხონ გამნაწყენებელს და ა.შ.
  • ბოროტება და სისატიკე მასობრივ კულტურაში (კინო, ტელევიზია) ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რაც ფსიქოლოგთა აზრით, აქვეითებს ეთიკურ ბარიერებს, სასურველის ძალით მოპოვებისაკენ უბიძგებს ადამიანს.
  • ბავშვები არ არიან გაცნობიერებული ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის საკითხებში. შედეგად, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. ამას გარდა, არც მშობლებსა და ნათესავებს შეუძლიათ ბავშვების დაცვა და თანატოლებს შორის ძალადობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა. უფრო მეტიც, ბავშვები მალავენ ძალადობის ფაქტებს.
  • მშობლები არ არიან ინფორმირებული ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ (მათ არ იციან ძალადობის ამოცნობა, ვის უნდა მიმართონ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში და როგორი რეაგირება მოახდინონ.) ზოგადად, მშობლებს ესმით, რომ ფიზიკური დასჯა მიუღებელია, მაგრამ ფიზიკური დასჯის შედარებით მსუბუქ ფორმებს მაინც იყენებენ. ბავშვზე ემოციური ძალადობის ფაქტები საერთოდ იგნორირებულია. სექსუალური ძალადობისა და ინცესტის თემები ტაბუირებულია.
  • ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ხშირად ვერ იცავენ ბავშვებს ძალადობისაგან. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ან ცოდნა ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არაოფიციალურად, სამედიცინო პერსონალი (პედიატრები, ექთნები) არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის საკითხებს და ამას თავიანთი მუშაობის სფეროდ არ თვლიან. მასწავლებლები დაინტერესებული არიან, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და არ ფლობენ ამასთან დაკავშირებულ უნარებს. მასმედიის წარმომადგენლები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ბავშვთა მდგომარეობას. ფაქტიურად ისინი ინტერესდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული დღესასწაულები იმართება. საყურადღებოა, რომ ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ იკვლიონ ბავშვების პრობლემები, რაც ჩანს შოკისმომგვრელ საინფორმაციო გადაცემებში, სადაც ბავშვთა ინტერესები საერთოდ არაა გათვალისწინებული.
  • სახელმწიფო დაფინანსება დაბალი და არასტაბილურია, რაც ამძიმებს მდგომარეობას ბავშვთა დაწესებულელებში.
  • პრობლემას წარმოადგენს საქართველოში ბავშვთა დაცვის სამსახურების არასრულყოფილება. როგორც ცნობილია, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის პრევენციის, მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო სოციალური დაცვის სამსახური და სხვადასხვა დაცვის სამსახურთა ინტეგრირებული ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
  • ძალადობის ხელშემწყობის ფაქტორია საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემისადმი. გაუთავებელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე საზოგადოება ინდიფერენტულია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის პრობლემების მიმართ. სექსუალური ძალადობისა და ინცესტის თემები აკრძალულად ითვლება. სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ საქართველოში საზოგადოება “ბავშვის კულტის” შესახებ არსებული მითის დამცველად გვევლინება. გავრცელებული ანდაზები და გამოთქმები, როგორიცაა “შვილი გაზარდე მტრად, მოყვარედ გამოგადგება”, “მტკიცე ხელი” და სხვა, ნერგავს და “ამართლებს” ძალადობას.


ძალადობის გამომწვევი მიზეზები

ძალადობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება არ იქნება სწორი. ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება განპირობებული იყოს პიროვნული, სოციალური და კულტურული ფაქტორების ერთობლიობით. ამ თვალსაზრისით გამოიყოფა ოთხი ძირითადი კატეგორია:

1. ძალადობრივი ქცევის გადაცემა თაობიდან თაობაზე;
2. სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი;
3. სოციალური იზოლაცია;
4. ოჯახის სტრუქტურა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი მიზეზების არსებობისას:

  • დაბალი კულტურა და განათლება;( მაგ. არასაკმარისი ცოდნა ბავშვის განვიტარებისა და მოვლის შესახებ, მშობლის სურვილი, რომ მისი შვილი იყოს განსაკუთრებული და ა.შ.);
  • მშობელთა მენტალური პრობლემები (მაგ. შიში, შფოთვა, აგრესიულობა და სხვა);
  • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია;
  • დაბალი ეკონომიური შემოსავალი, სიღარიბე;
  • მშობელთა ფსიქიკური დაავადებები;
  • ხშირი ოჯახური კონფლიქტები;
  • მშობელთა ასოციალურობა;
  • მშობლები, რომლებიც ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი;
  • არასრული ოჯახები;
  • ჩაკეტილი ცხოვრების წესი


ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგები

ბავშვთა მიმართ ძალადობასა და უგულვებელყოფას აქვთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები.
პირველ რიგში, ძალადობა და უგულვებელყოფა მთლიანად ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას, მის პიროვნებას:
1. უარესდება ბავშვის ჯანმრთელობა (ფიზიკური ჯანმრთელობა- შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ენურეზი, ბრონქიალური ასთმა, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები და სხვა; მენტალური ჯანმრთელობა – შესაძლოა გაჩნდეს ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, ქცევითი დარღვევები, სტრესული აშლილობანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები შეიძლება დამანგრეველი იყოს, ხელი შეუწყოს სუიციდის, მკვლელობების ან ცხოვრებისეული დისფუნქციების განვითარებას; სექსუალური ჯანმრთელობა –ადამიანების მიმართ შიში, სქესობრივი ურთიერთობის შიში და სხვა).
2. ბავშვი ვერ აღწევს წარმატებებს განათლებაში, პირად განვითარებაში.
3. ბავშვს უჩნდება სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები: ვერ ეგუება მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებს, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, არ შეუძლია პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, არ არის კანონმორჩილი, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, აქტიური და ინიციატივიანი ქცევა;
4. საფრთხე ექმნება ბავშვის შემდგომ ეკონომიურ კეთილდღეობას. (ბავშვი ვერ იღებს საჭირო განათლებას, მომავალში არ არის მზად მუშაობისათვის, ვერ აღწევს მატერიალური უზრუნველყოფას, ვერ ხდება კარგი მეოჯახე).
5. ძალადობით გამოწვეული ფიზიკური დაზიანება ხელს უშლის მომავალში ბავშვის პოტენციალის გამოვლინებას;
6. ადრეულ ასაკში აქვს ძალადობაგანცდილი ბავშვის თავის ტვინი სტრუქტურულად შეცვლილია და მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.
7. სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.

ძალადობის შედეგები აისახება არამარტო პიროვნულ, არამედ სახელმწიფო დონეზეც, ვინაიდან მსხვერპლთა პრობლემების მოგვარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. აქ იგულისხმება მსხვერპლთა: სამედიცინო დახმარება მწვავე შემთხვევებში; სამედიცინო რეაბილიტაცია; ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; სოციალური დახმარება; მსხვერპლისა და მოძალადის სოციალური რეაბილიტაცია და სხვა სახის ხარჯები.

როგორ ვიქცევით?!
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ ადგილი აქვს ბავშვის მიმართ რაიმე ფორმით ძალადობას, ნუ დაელოდებით განმეორებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ბავშვთა უფლებების დამცველ დაწესებულებას, კერძოდ, შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ ბოლომდე დარწმუნებულნი არ ბრძანდებით, დაყოვნება არ შეიძლება, რადგან საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ბავშვის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და მთელ მის შემდგომ ცხოვრებას. შეგიძლიათ თქვენი განცხადება გააკეთოთ ანონიმურად.
თუ ბავშვი გიყვებათ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, აჯობებს მას დაუჯეროთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვები იშვიათად ცრუობენ. შეეცადეთ არ გამოხატოთ თქვენი შეშფოთება. თქვენი რეაქცია მთლიანად განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას მომხდარისადმი. აუცილებლად შეაქეთ ის გულახდილობისათვის და არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ მომხდარის გამო, რადგან ბავშვებს ისედაც აწუხებთ დანაშაულის გრძნობა. პირიქით, დაამშვიდეთ ბავშვი და დაარწმუნეთ, რომ ის არაფერში არაა დამნაშავე.
არ შეეცადოთ მაშინვე დაელაპარაკოთ ეჭვმიტანილ ადამიანს ან იმ დაწესებულების ხელმძღვანელობას, სადაც მოხდა ძალადობა. დაუკავშირდით ბავშვთა იმ დაწესებულებას, რომელიც ახდენს ძალადობის შედეგების შეფასებას, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია.
საქმის კურსში ჩააყენეთ სხვა ბავშვების მშობლებიც, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ მიიღონ სიფრთხილის აუცილებელი ზომები.
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უშედეგო იქნება პრობლემისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ძალადობისაგან ბავშვის დასაცავად ერთად უნდა იზრუნოს მშობელმაც, მასწავლებელმაც, ფსიქოლოგმაც, სოც. მუშაკმაც, ჟურნალისტმაც, პედიატრმაც, სამართალდამცველებმაც.
ამ მიდგომას თვალსაჩინოს ხდის თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრის მუშაობის მოდელი. მაგალითად, ბავშვზე ძალადობის კონკრეტულ ფაქტზე მომართვის შემთხვევაში სოციალური მუშაკი ახდენს მისი მიღებისათვის საჭირო ინფორმაციის მოკრებას (შემთხვევის, ბავშვის სოციალური გარემოს შესახებ) და კოორდინირებას უწევს მასთან შემდგომ მუშაობას; ფსიქოლოგი ინტერვიუირების და ტესტირების საფუძველზე აკეთებს დასკვნას ბავშვის ფსიქოლოგიური სტატუსის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ატარებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას. პედიატრი ახდენს ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისად მკურნალობს; იურისტი შემთხვევის შესახებ ატარებს იურიდიულ კონსულტაციას და ეხმარება ბავშვს მისი უფლებების დაცვაში. მთავარია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტი მუშაობს შეთანხმებულად და საბოლოოდ კეთდება ერთობლივი დასკვნა ბავშვის მდგომარეობის შესახებ.