RSS Feed

ბავშვის განვითარება და აღზრდა

1. თავის ტვინის განვითარება
ადამიანის განვითარება მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალური გენეტიკური მახასიათებლების, ე.ი. ბუნებისა და აღზრდის ერთობლივობა და მათი ურთიერთკავშირია.
თავის ტვინის მნიშვნელოვანი განვითარება დაბადებამდე იწყება, ემბრიონული პერიოდის დაწყებისთანავე (ჩასახვიდან 2 კვირის განმავლობაში) და დროული ახალშობილი ქვეყანას ევლინება მილიარდობით ნეირონებისაგან ჩამოყალიბებული ნერვული სისტემით, რომელსაც აქვს ნორმალური ფუნქციონირების უნარი.
ადრეულ ასაკში ბავშვის კარგი აღზრდა, კარგი კვება და მზრუნველი გარემოს შექმნა თავის ტვინის განვითარების საფუძველს ქმნის, რაც ადამიანს გაჰყვება სიცოცხლის ყველა შემდგომ პერიოდში.
ადრეული განცდები, სტიმულაციები, პოზიტიური ურთიერთობა მშობლებთან ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვის თავის ტვინი სტიმულირდება გრძნობადი ორგანოების საშუალებით;
თავის ტვინის სტრუქტურასა და მის ფუნქციაზე გრძნობადი სტიმულატორების – როგორიცაა შეხება, სმენა, ტკივილი გემო, ყნოსვა, ტემპერატურა და ა.შ. ზემოქმედების ახლებურმა გაგებამ შეცვალა წარმოდგენა თავის ტვინის განვითარების შესახებ.
1.1. თავის ტვინის ახლებური გააზრება

  • თავის ტვინის განვითარება დამოკიდებულია თანდაყოლილი გენებისა და შეგრძნებების კომპლექსურ ურთიერთქმედებაზე;
  • ადრეული ასაკის განცდებს გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ თავის ტვინის აგებულებასა და მოზრდილის უნარების ბუნებასა და ხასიათზე;
  • ადრეული ურთიერთობები არა მხოლოდ გარემოს ქმნიან, არამედ პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ თავის ტვინის ჩამოყალიბებაზე;
  • თავის ტვინი არ ვითარდება სწორხაზოვნად: არის აღმავლობის პერიოდები, როცა ადამიანი უკეთესად და უფრო ადვილად ეუფლება ცოდნას, სხვადასხვა პროფესიას;
  • 6 წლამდე პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის;
  • ადრეულ ასაკში უარყოფით განცდებს ხანგრძლივი ზეგავლენა გააჩნიათ, ვლინდება გვიან პერიოდში და შეიძლება ძნელად დაიძლიოს.
  • ბავშვის გონებრივი განვითარება უწყვეტია, ამიტომ უწყვეტი უნდა იყოს აღზრდის და სწავლის პროცესი!

2. დანაკლისის დაძლევა
რა მოსდით ბავშვებს, რომელთაც არახელსაყრელ პირობებში უწევთ განვითარება? ზოგიერთი კარგად არ ისწავლის სკოლაში, ზოგიერთს ქცევასთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს, სტრესების მიმართ არანორმალური რეაქციებისა და ემოციების კონტროლში, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაზრდაში, რათა ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იქცნენ. საჭიროა შემცირდეს მათზე ნეგატიური ზემოქმედება, შევცვლოთ მათი გარემო პირობები, მოვარიდოთ გამაღიზიანებელი სტიმულები.
ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და შემდეგში სანაცვლო მშობლების ან ბებია-ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს მაშინ, როცა ძალიან პატარები იყვნენ, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარები გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს. მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემის დაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ უკიდურესად გულგრილ დამოკიდებულებას ან ცუდ მოპყრობას. ყველას არ ეშველება, მაგრამ გაღატაკებულ და არახელსაყრელ პირობებში დაბადებული სამი ბავშვიდან ერთი სრულფასოვან მოზრდილ ახალგაზრდად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
3. ჯანმრთელი ფეხმძიმობა და შობადობა

ჯანმრთელი ფეხმძიმობა დროული, გაურთულებელი შობადობის, ნორმალური წონის ბავშვის დაბადების და მისი ჯანსაღი გონებრივი განვითარების ალბათობას ზრდის. ჯანმრთელ დედებს ნორმალური ფეხმძიმობა აქვთ და ჯანმრთელ შვილებსაც აჩენენ. თავის ტვინი მნიშვნელოვანწილად ჯერ კიდევ ჩანასახშივე ვითარდება. მასზე ზემოქმედებს დედიდან მომდინარე სტიმულები.
ფეხმძიმობის პერიოდში დედის კვება საგრძნობ გავლენას ახდენს მისი შვილის მომავალ ჯანმრთელობაზე. ახალშობილთა სიგამხდრე და ზომით სიმცირე დაკავშირებულია შემდგომში მოგვიანებით გულის დაავადებების, ჰიპერტონიის და დიაბეტის განვითარების შესაძლებლობასთან.
4. ძუძუთი კვება და შეხება

კვება ბავშვს საზრდოს აწვდის და ახდენს სენსორული გზების სტიმულაციას. ძუძუთი კვება კი ახალშობილი ჩვილისათვის და პატარა ბავშვისათვის უზრუნველყოფს, როგორც ოპტიმალურ გამოკვებას, ასევე ოპტიმალურ სტიმულაციას. ძუძუთი კვების აქტი იძლევა კანის კანთან შეხებისა და ყნოსვის ხშირი სტიმულაციის ხელსაყრელ შესაძლებლობას. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია (შვილად აყვანის ან დედის ავადმყოფობის შემთხვევაში), მაშინ კვებითი პროცესი ძუძუთი კვების პროცესს უნდა მიუსადაგოთ: ბავშვი, ჭამის დროს, დედას ხელში აყვანილი და მკერდთან მიხუტებული უნდა ჰყავდეს. ძუძუთი და ხელოვნურად გაზრდილ 18 თვის ბავშვთა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველნი, სოციალური და დემოგრაფიული ზეგავლენის მიუხედავად, მენტალური თვალსაზრისით უკეთ განვითარდნენ.
ცხოვრების ადრეულ სტადიაზე შეხება ბავშვის განვითარების ძირითად სტიმულს წარმოადგენს და ბავშვთა თავის ტვინის განვითარებისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძუძუთი კვება.
5. ადრეული წლები და ჯანმრთელობის რისკი მოზრდილთა ცხოვრებაში

ადრეული ბავშვობის პირობებსა და შემდგომდროინდელ ჯანმრთელობას შორის გარკვეული ურთიერთკავშირები არსებობს.
ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პირობები უარყოფით და ხანგრძლივ ზეგავლენას ახდენენ ბავშვზე, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს მოზრდილობის ხანაში. დაბადებიდან ადამიანის ცხოვრებაზე თანმიმდევრული თვალის გადევნება ადასტურებს ადრეული ბავშვობის გადამწყვეტ გავლენას პიროვნების შემდგომ მომავალ ფსიქიკურ და ფიზიკური ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ცნობილია, რომ ბევრი ქრონიკული დაავადება ბავშვობიდან იღებს სათავეს. მაგ.: მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია მოზრდილ ასაკში. ცნობილია ისიც, რომ ბავშვის ძალიან ადრეულ განვითარებაზეა დამოკიდებული მაღალ წნევისა და ინსულინისაგან დამოუკიდებელი დიაბეტის რისკი, იგივე შეიძლება ითქვას გულის დაავადებებთან დაკავშირებით

6. ბავშვთა განვითარების კონცეფციის ძირითადი მიმართულებები:

1. ადამიანთა შორის მიჯაჭულობა;

2. ტრამვების გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

3. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის მნიშვნელობა პიროვნულ განვითარებაში.

6.1. ადამიანთა შორის მიჯაჭვულობა
ადამიანთა შორის მიჯაჭვულობა არის ორ ადამიანს შორის დამოკიდებულება, რომელიც უძლებს მანძილის და დროის გამოცდას და ემსახურება მათ ემოციურად ურთიერთდაკავშირებას.
დედასა და ახალშობილს შორის პირველი ორი წლის, განსაკუთრებით კი პირველი 9-12 თვის განმავლობაში, არსებობს ქცევის და ურთიერთკავშირის ნორმების მრავალფეროვნება. ეს გრძნობა ვითარდება დედასა და ბავშვს შორის ურთიერთკავშირით, რამდენადაც ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ როგორ მოახდინონ რეაგირება ერთმანეთის ქცევაზე. დედასა და ჩვილს შორის ასეთი ურთიერთკავშირის დიდი ნაწილი, როგორიცაა დედის სიცილი, მისი მოძრაობები, ის თუ როგორ უყურებს თავის შვილს თვალებში, და ასე შემდეგ და მეორე მხრივ ის თუ როგორ რეაგირებს ბავშვი დედის ქცევაზე და ყოველივე ამაზე, განიხილება, როგორც მათ შორის ურთიერთობის დამყარების პროცესის ძირითადი მომენტი.
ხშირად დედის და ბავშვის ურთიერთობა განიხილება როგორც ციკლი, რომელშიც ერთი მომენტი გადადის მეორეში – ბავშვი განიცდის დისკომფორტს და ტირის, დედა შემდეგნაირად რეაგირებს: აიყვანს ჩვილს ხელში, წარმოთქვამს დამამშვიდებელ ბგერებს, ბავშვი მშვიდდება. გარკვეული დროის შემდეგ ჩვილი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის ვინც მასზე ზრუნავს, ასრულებს მის მოთხოვნებს და შეიძლება მას ენდოს. რადგან ეს ციკლი პერველი ერთი წლის განმავლობაში 1000-ჯერ მეორდება, დედას და ბავშვს შორის ყალიბდება უსაფრთხო ურთიერთობის გრძნობა და ბავშვი სწავლობს ნდობას და ხვდება, რომ მისთვის შეუცნობად სამყაროში მისი მოთხოვნილებები იქნება შესრულებული.
იმ შემთხვევაში, როდესაც დედა ან მამა ვერ პასუხობს ჩვილის მოთხოვნებს, ბავშვი რეაგირებს ამაზე და უფრო ხანგრძლივად და ხმამაღლა გამოთქვავს პროტესტს. ბავშვმა თუ გარკვეული დროის შემდეგ ვერ მიიღო საპასუხო რეაქცია, მაშინ ის წყვეტს კონტაქტში შესვლის მცდელობას და მაშინაც კი აღარ შედის კონტაქტში, როცა მშობლები უღიმიან ან უყურებენ თვალებში. ასეთ შემთხვევაში ჩვილი წყვეტს გაბრაზებას და იწყება სერიოზული სიძნელეები მშობლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.